ინტერნეტის პრობლემების უმეტესობა პროვაიდერის ბრალი არ არის. ტიპურ შემთხვევაში ერთი მარშრუტიზატორი დგას კუთხეში და მთელ შენობას ემსახურება — ბეტონის კედლებში კი მისი სიგნალი მეორე ოთახშივე იკარგება. სიჩქარის გაზრდა ამას არ წყვეტს, რადგან პრობლემა სიჩქარეში არაა.
რა საკითხებზე გვიძახებენ
Wi-Fi ყველგან არ აღწევს
მეორე სართული, ეზო, საწყობი, სარდაფი, სადეგუსტაციო დარბაზი. გამოსავალი ჩვეულებრივ უფრო ძლიერი მარშრუტიზატორი კი არა, სწორად განლაგებული რამდენიმე წერტილია — ერთმანეთთან კაბელით დაკავშირებული, რომ სიჩქარე გზაზე არ იკარგოს.
ინტერნეტი წყდება
დღეში რამდენჯერმე ითიშება და თავისით ბრუნდება. მიზეზი შეიძლება იყოს გადახურებული მარშრუტიზატორი, დაზიანებული კაბელი, არხების გადაფარვა მეზობლების ქსელებთან, ან პროვაიდერის მხარეს პრობლემა. ვადგენთ სად არის — და თუ პროვაიდერთანაა, თქვენ ნაცვლად ვესაუბრებით.
დღისით ნელა მუშაობს
საღამოს კარგია, სამუშაო საათებში კი აუტანელი. ეს ჩვეულებრივ დატვირთვის საკითხია: ბევრი მოწყობილობა ერთ წერტილზე, ან სტუმრების ტრაფიკი სამუშაო ტრაფიკს ავიწროებს.
ახალი ობიექტი
თუ ოფისს, სასტუმროს ან მარანს ნულიდან აწყობთ — ქსელი კედლების დახურვამდე უნდა დაიგეგმოს. ამ ეტაპზე გაყვანა რამდენჯერმე იაფია, ვიდრე შემდეგ.
რას ვასრულებთ
- ქსელის დაგეგმვა და კაბელის გაყვანა — სოკეტები, კროსი, სერვერული კარადა, ღია და ფარული გაყვანა.
- Wi-Fi-ის დაფარვა — წერტილების განლაგება ისე, რომ მთელი ფართობი დაიფაროს და გადასვლისას კავშირი არ წყდებოდეს.
- მარშრუტიზატორის გამართვა — არხები, პაროლები, სტუმრების ცალკე ქსელი, ბავშვების შეზღუდვები.
- სტუმრების Wi-Fi სასტუმროსა და კაფესთვის — სამუშაო ქსელისგან გამოყოფილი, რომ სტუმარმა კასას ან კამერებს ვერ მისწვდეს.
- Wi-Fi მარკეტინგი — ქსელზე დაკავშირებული სტუმარი ავტომატურად თქვენს გვერდზე ხვდება.
- პრინტერისა და საერთო საქაღალდეების გაზიარება ქსელში.
- კამერების ქსელი — სამეთვალყურეო სისტემა ქსელს ეყრდნობა და მისი დატვირთვა წინასწარ უნდა გაითვალოს.
რატომ არ წყვეტს „უფრო ძლიერი როუტერი" საკითხს
Wi-Fi ორმხრივი კავშირია. მარშრუტიზატორის სიმძლავრის გაზრდა იმას ნიშნავს, რომ ტელეფონი უფრო შორიდან ხედავს ქსელს — მაგრამ ტელეფონის საკუთარი გადამცემი სუსტი რჩება და უკან ვერ პასუხობს. შედეგად სიგნალი სამი ჯოხით ჩანს, ინტერნეტი კი არ მუშაობს.
სწორი გამოსავალი — რამდენიმე წერტილი, ერთმანეთთან კაბელით შეერთებული. უკაბელო გამამეორებლები (რეპიტერები) მარტივია, მაგრამ სიჩქარეს თითო გადასვლაზე დაახლოებით ნახევრდება — ამიტომ მათ იქ ვიყენებთ, სადაც კაბელის გაყვანა ნამდვილად შეუძლებელია.
უსაფრთხოება
რამდენიმე რამ, რასაც ყოველთვის ვამოწმებთ და რაც პრაქტიკაში ხშირად უგულებელყოფილია:
- მარშრუტიზატორის ქარხნული პაროლი შეცვლილია თუ არა — ეს ყველაზე ხშირი ხვრელია.
- სტუმრების ქსელი სამუშაოსგან რეალურად გამოყოფილია თუ არა.
- დისტანციური მართვა ინტერნეტიდან ღიაა თუ არა.
- მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფა განახლებულია თუ არა.
რაზეა ფასი დამოკიდებული
ფართობზე, სართულების რაოდენობაზე, კედლების მასალაზე, საჭირო წერტილების რიცხვსა და იმაზე, ღია გაყვანა ხდება თუ ფარული. დათვალიერება უფასოა — მის შემდეგ იღებთ კონკრეტულ ჩამონათვალს.
ბიზნესისთვის
თუ ქსელი სამუშაო პროცესის ნაწილია — სალარო, ჯავშნის სისტემა, სამედიცინო პროგრამა — მისი გაჩერება ფულია. ასეთ შემთხვევაში ყოველთვიური მომსახურება ჯობია: ქსელს მუდმივად ვუყურებთ და პრობლემას ხშირად მანამდე ვხედავთ, სანამ სამუშაოს შეაფერხებს.